ავსტრიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვენაში თავდასხმის სამიზნე ლიბერალური დემოკრატია იყო, რომელიც ასე აშკარად სძულთ ტერორისტებს
ავსტრიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვენაში თავდასხმის სამიზნე ლიბერალური დემოკრატია იყო, რომელიც ასე აშკარად სძულთ ტერორისტებს

ავსტრიის პრეზიდენტის ალექსანდერ ვან დერ ბელენის განცხადებით, ვენაში განხორციელებული თავდასხმის სამიზნე ლიბერალური დემოკრატია იყო, რომელიც ასე აშკარად სძულთ ტერორისტებს. ამის შესახებ ვან დერ ბელენმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.

მან ორშაბათს ავსტრიის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს „ბნელი ღამე“ უწოდა. მისი თქმით, ეს იყო ლაჩრული ტერორისტული თავდასხმა საზოგადოების გულის წინააღმდეგ.

„სიძულვილი ვერასდროს იქნება ისეთი ძლიერი, როგორი ძლიერიცაა ჩვენი ერთიანობა თავისუფალ, დემოკრატიულ, ტოლერანტულ და სიყვარულზე დაფუძნებულ გარემოში“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.

ვან დერ ბელენის თქმით, ავსტრიელები დაიცავენ თავიანთ ღირებულებებს.

„გაუმარჯოს ჩვენს საერთო და მშვიდობიან ევროპას!“, – განაცხადა ვან დერ ბელენმა.