ავსტრიის მთავრობა აცხადებს, რომ გლობალურ მიგრაციულ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს
ავსტრია გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ შეთანხმებნას ხელს არ მოაწერს. გამოცემა Die Presse-ს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ავსტრიის მთავრობამ მიიღო. ამგვარად ავსტრია აშშ-სა და უნგრეთს შეუერთდება, რომლებიც ასევე უარს აცხადებენ შეთანხმების ხელმოწერაზე.
გაერო-ს გლობალური მიგრაციული შეთანხმების ხელმოწერა მარაკეშში 10-11 დეკემბერს დაგეგმილ კონფერენციაზე იგეგმება. აღნიშნულ ფორუმზე ავსტრიის მთავრობა თავის წარმომადგენელს არ გაგზავნის.
„ჩვენ კრიტიკულად ვუყურებთ მიგრაციული პაქტის რამდენიმე პუნქტს, როგორიცაა დაცვის ძებნისა და შრომითი მიგრაციის შერწყმა“, – აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა.
„ეს უზრუნველყოფს, რომ მომავალში ავსტრია თავად გადაწყვეტს, ვის მისცეს იმიგრაციის უფლება და ვის არა“, – განაცხადა კურცმა.
მიგრაციის შესახებ 34-გვერდიანი შეთანხმება საერთაშორისო მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს.