ავსტრიის კანცლერმა სამთავრობო კოალიციის დაშლის შესახებ განაცხადა
ავსტრიის კანცლერმა სამთავრობო კოალიციის დაშლის შესახებ განაცხადა

ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა სამთავრობო კოალიციის დაშლის შესახებ განაცხადა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება სებასტიან კურცმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ავსტრიის ვიცე-კანცლერი, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი ჰაინც-კრისტიან შტრახე რუს ოლიგარქთან დაკავშირებულ ქალთან სახელმწიფო კონტრაქტებს განიხილავს.

როგორც ვენაში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, მისი კოალიციური პარტნიორი ძირს უთხრის ავსტრიაში რეფორმების გეგმებს. კურცის განცხადებით, „თავისუფლების პარტიის“ ხელმძღვანელობა არ აღმოჩნდა მზად პარტიაში აუცილებელი სასწრაფო ცვლილებებისთვის. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ 2017 წლის ოქტომბრიდან კოალიციურ პარტნიორთან დაკავშირებით არაერთი რთული ვითარება შეიქმნა.

„თუმცა, გუშინდელი ვიდეოს შემდეგ მე უნდა ვთქვა: კმარა ნიშნავს კმარას“, – განაცხადა სებასტიან კურცმა და ავსტრიის პრეზიდენტს ალექსანდერ ვან დერ ბელენს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

სებასტიან კურცის გამოსვლას აპლოდისმენტებით შეხვდნენ ვენაში ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები, რომლებიც გახმაურებული სკანდალის შემდეგ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩაში.

სებასტიან კურცის პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე გადადგომის შესახებ განაცხადა სკანდალური ვიდეოს ფიგურანტმა, ვიცე-კანცლერმა ჰაინც-კრისტიან შტრახემ. მან ასევე დატოვა ავსტრიის თავისუფლების პარტიის თავმჯდომარის პოსტიც. შტრახემ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს კატასტროფა უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ მას კანონი არ დაურღვევია.

ვიდეოჩანაწერი შტრახეს მონაწილეობით გერმანულმა გამოცემებმა „შპიგელმა“ და „სუდდოიჩე ცაიტუნგმა“ გაავრცელეს. კადრებიდან ირკვევა, რომ შტრახე და „თავისუფლების პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი იოჰან გუდენუსი 2017 წელს გეგმავდნენ სახელმწიფო სამშენებლო კონტრაქტების რუსი ბიზნესმენისთვის გადაცემას, სანაცვლოდ კი, მათ საპარლამენტო არჩევნების წინ ფინანსურ დახმარებას ჰპირდებოდნენ. მოლაპარაკებებს ავსტრიელ პოლიტიკოსებთან კუნძულ იბიცაზე ერთ-ერთი რუსი ოლიგაქრის ნათესავი ქალი აწარმოებდა.

2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ავსტრიის სახალხო პარტიამ სამთავრობო კოალიცია ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიასთან“ ჩამოაყალიბა.