ავსტრიის კანცლერის მოვალეობებს დროებით ფინანსთა მინისტრი ჰარტვიგ ლეგერი შეასრულებს
ავსტრიის კანცლერის მოვალეობებს დროებით ფინანსთა მინისტრი ჰარტვიგ ლეგერი შეასრულებს

ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდრ ვან დერ ბელენი დღეს ოფიციალურად დაითხოვს მთავრობას, რომელსაც პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. კანცლერის მოვალეობებს დროებით ფინანსთა მინისტრი ჰარტვიგ ლეგერი შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „კრონენ ცაიტუნგი“ ავრცელებს.

​ლეგერი კანცლერის მოვალეობებს დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებამდე უხელმძღვანელებს. ავსტრიის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, შემოდგომაზე კი ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ავსტრიის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს. პარლამენტმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე სკანდალური ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაიტანა, რომლის გამოც ვიცე-კანცლერმა ჯაინც-კრისტიან შტრახემ თანამდებობა დატოვა, მოგვიანებით კი, მმართველი კოალიცია დაიშალა. ვიდეოში შტრახე რუს ბიზნესმენ ქალს ფინანსური დახმარებისა და არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ სახელმწიფო სამშენებლო კონტრაქტების გაფორმებას ჰპირდება. ვიდეო 2017 წელს იბიცაზეა გადაღებული, რომელიც 2019 წლის 17 მაისს გამოქვეყნდა.