ავსტრიის კანცლერი -  ჩვენი მტერი ისლამური ექსტრემიზმია, რომელსაც სურს სიკვდილისა და ტანჯვის გამოწვევა
ავსტრიის კანცლერი - ჩვენი მტერი ისლამური ექსტრემიზმია, რომელსაც სურს სიკვდილისა და ტანჯვის გამოწვევა

ეს არ არის დავა ქრისტიანებსა და მუსლიმებს ან ავსტრიელებსა და მიგრანტებს შორის, ესაა ბრძოლა ცივილიზაციასა და ბარბაროსობას შორის, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა ქვეყნის მოსახლეობისთვის მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება გამოიძიებს, მოძებნის და პასუხისგებაში მისცემს დამნაშავეებს, მხარდამჭერებს და მათ მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს. ავსტრიის კანცლერის განცხადებით, ცხადია, რომ თავდასხმა ისლამით იყო მოტივირებული.

„ჩვენი მტერი – ისლამური ექსტრემიზმია, რომელიც მიმართულია ჩვენი ღირებულებების, ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ და სურს, არა მხოლოდ სიკვდილისა და ტანჯვის გამოწვევა, არამედ ჩვენი საზოგადოების დაყოფა. ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ. ჩვენ მათ სიძულვილის სივრცეს ვერ მივცემთ. ეს არ არის დავა ქრისტიანებსა და მუსლიმებს ან ავსტრიელებსა და მიგრანტებს შორის, ესაა ბრძოლა ცივილიზაციასა და ბარბაროსობას შორის“, – განაცხადა სებასტიან კურცმა.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ექვს სხვადასხვა ადგილზე გახსნეს ცეცხლი, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი თავდამსხმელი. ასევე, დაშავებულია 17 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს და ამ დროისთვის ერთ თავდამსხმელს ეძებენ. ვენაში სხვადასხვა ობიექტს ქვეყნის შეიარაღებული ძალები იცავს.