ავსტრიის ეროვნული საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება
ავსტრიის ეროვნული საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რეინჰოლდ ლოპატკას შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ავსტრიისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური მიმართულებები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. მხარეებმა  საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს.

დავით ზალკალიანლმა რეინჰოლდ ლოპატკას ავსტრიის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რეინჰოლდ ლოპატკას  საქართველოს ახლადდამტკიცებული მთავრობის ხუთი მთავარი პრიორიტეტი გააცნო და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია კვლავ ქვეყნის უმთავრეს ორიენტირად რჩება.  მინისტრის განცხადებით, ახალი პრიორიტეტები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ევროპულ დღის წესრიგთან და  ქვეყნის ევროინტეგრაციულ პროცესებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

რეინჰოლდ ლოპატკამ დავით ზალკალიანს  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ავსტრიის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში.

ამასთან, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ კვლავ გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები. რეინჰოლდ ლოპატკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

დავით ზალკალიანმა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული კარგი ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.