ავსტრიის ელჩი - ევროპული პერსპექტივის მინიჭებამ საქართველო დააწინაურა ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე, მაგრამ ზედმეტად ოპტიმისტურად ნუ იქნებით პროცედურის თვალსაზრისით, ეს არის გრძელვადიანი გზა
ავსტრიის ელჩი - ევროპული პერსპექტივის მინიჭებამ საქართველო დააწინაურა ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე, მაგრამ ზედმეტად ოპტიმისტურად ნუ იქნებით პროცედურის თვალსაზრისით, ეს არის გრძელვადიანი გზა

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები იყო ის ძირითადი საკითხები, რომელთა შესახებ პარლამენტში მოწვეულმა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა ისაუბრა.

ელჩმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობა მიმოიხილა და სამომავლო პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება. თომას მიულმანმა ორივე ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს კარგი დღის წესრიგი და, იმავდროულად, ბევრი სამუშაო განსახორციელებელი.

„ერთი წლის წინ ვსაუბრობდით ასოცირების შეთანხმებაზე, ახლა კი ვსაუბრობთ გაფართოების ლოგიკაზე. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს, თქვენ, მოლდოვამ და უკრაინამ ერთად, საკმაოდ დაჩქარებულად შეიტანეთ ევროკავშირში განაცხადი. გასაოცარია, რომ ევროკავშირმა უკვე ორჯერ მოახერხა შეკრებილიყო და კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მოეხდინა. პირველი ეს იყო ევროპული საბჭოს შეკრება და დავალება კომისიას, რომ მოსაზრება გამოეტანა და შემდეგ უკვე ივნისში ის, რომ მიენიჭა თქვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა. ამ პროექტმა საქართველო დააწინაურა ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე, მაგრამ ზედმეტად ოპტიმისტურად ნუ იქნებით პროცედურის თვალსაზრისით, რადგან ეს არის გრძელვადიანი გზა,“ – განაცხადა თომას მიულმანმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.