ავსტრიის არმიის ყოფილ ოფიცერს რუსეთისთვის სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ავსტრიის არმიის ყოფილ ოფიცერს რუსეთისთვის სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ზალცბურგის სასამართლომ ავსტრიის არმიის ყოფილ ოფიცერს, მარტინ მ.-ს რუსეთისთვის სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ვინაიდან ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი პატიმრობაში 2018 წლის 30 ნოემბრიდან იმყოფება და სასჯელის ნახევარი უკვე მოიხადა, ის სასამართლოს დარბაზშივე გაათავისუფლეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ყოფილი პოლკოვნიკი 1992-2018 წლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარ სამმართველოს („გრუ“) საიდუმლო მასალებს აწვდიდა და სანაცვლოდ 280 ათასი ევრო მიიღო.

სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა.

როგორც ადვოკატი აცხადებდა, ბრალდებული საკუთარ თავს ავსტრიის პატრიოტად მიიჩნევს. მან აღიარა, რომ რუსეთს გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა, თუმცა ამტკიცებს, რომ გადაცემული მასალები მოპოვებულია მხოლოდ ღია წყაროებიდან და სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს.

2019 წლის ზაფხულში ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთის მოქალაქეზე, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ინფორმაციით, 65 წლის მამაკაცი ავსტრიაში აგენტების ქსელს კურირებდა და არმიის ყოფილი ოფიცრისგან, მარტინ მ.-ისგან ინფორმაციას იღებდა.