ავსტრიიდან საქართველოს 175 მოქალაქე დაბრუნდა
ავსტრიიდან საქართველოს 175 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი საერთაშორისო რეისების ფარგლებში, დღეს, 26 მარტს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა ფრენა თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით. ბორტზე იმყოფებოდა 175 მგზავრი, მათგან 21 (ავსტრიიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან) განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„როგორც თავიდანვე განვაცხადეთ, აღნიშნულ ფრენაზე ძირითადად იმყოფებოდნენ ის მგზავრები, რომლებსაც ნაყიდი ჰქონდა ბილეთები 22 მარტის თბილისი-ვენა-თბილისის გეგმიურ რეისზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული რეისების ფარგლებში უახლოეს მომავალში, კერძოდ 31 მარტს, შესრულდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი, იგივე პრინციპით, ანუ გამოემგზავრებიან გაუქმებული გეგმიური რეისის მგზავრები.

შემდგომ კი განრიგის თანახმად შესრულდება რეისები: თბილისი- ვარშავა – თბილისი (3 აპრილი), თბილისი-ათენი-თბილისი (7 აპრილი), თბილისი-ლარნაკა-თბილისი (10 აპრილი)“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ფრენებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, რეისის შესრულების თარიღამდე ორი დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებგვერდზე.

რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებგვერდებზე.

„ამასთან დამატებით გაცნობებთ, რომ ქართული და პოლონური მხარის ერთობლივი ძალისხმევით, პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“, რომელიც შეასრულებს ვარშავა-თბილისი-ვარშავას რეისს საქართველოში მყოფი პოლონეთის მოქალაქეების გასამგზავრებლად, 28 მარტს განახორციელებს ფრენას საქართველოს მიმართულებით. რეისზე ბილეთები ხელმისაწვდომია კომპანია „ლოტის“ გაყიდვების საიტზე. აღნიშნული რეისიც შესრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

ასევე მიმდინარე წლის 4 აპრილს კომპანია „ჯეორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს კომპანიის მიერ დანიშნულ გეგმიურ რეისის თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ რეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.