ავსტრიელი ფეხბურთის ლეგენდა ანდრეას ჰერცოგი - კიტეიშვილი ბუნდესლიგაში საუკეთესოა #1TVSPORT
ავსტრიელი ფეხბურთის ლეგენდა ანდრეას ჰერცოგი - კიტეიშვილი ბუნდესლიგაში საუკეთესოა #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში, ვენაში „აუსტრიასთან“ გრაცის „შტურმის“ დამაჯერებელი გამარჯვების (5:2) შემდეგ skysportaustria-ს ექსპერტმა, ავსტრიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა და მოქმედმა მწვრთნელმა, ანდრეას ჰერცოგმა კომენტარი გააკეთა და ოთარ კიტეიშვილი შეაქო.

კიტეიშვილი ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რადგან გადამწყვეტ მომენტში დუბლი შეასრულა – „შტურმის“ ქართველმა ნახევარმცველმა 1:1-ზე გრაცელები დააწინაურა, შემდეგ კი პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გამოიყენა და „აუსტრიის“ დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა.

„ამ შეხვედრის მთავარი მოქმედი პირი ოთარ კიტეიშვილი იყო. ის ამ ეტაპზე ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეა. გრაცის გუნდის ლიდერი ტიტულისთვის ბრძოლაში „შტურმის“ მთავარი იქსფაქტორია“, – ამის შესახებ skysportaustria-თან ცნობილმა ფეხბურთელმა განაცხადა.

ანდრეას ჰერცოგი თამაშობდა „რაპიდში“, „ვერდერში“, „ბაიერნში“ და მოიგო უეფას თასი. ხოლო ავსტრიის ნაკრებში (103 მატჩი) მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ იასპარეზა. კარიერის შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო და ევრო 2008-ზე ავსტრიის ნაკრებში იოზეფ ჰიკერსბერგერს ასისტენტის როლში ეხმარებოდა. 2011-2016 წლებში აშშ-ის ნაკრებში იურგენ კლინსმანის თანაშემწე გახლდათ. ასევე იმუშავა ისრაელის და სამხრეთ კორეის ნაკრებების მთავარ მწვრთნელად.

საჩემპიონო ჯგუფში კარგი სტარტის მიუხედავად, გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი თავისი გუნდით ბოლომდე კმაყოფილი არ იყო – ამის შესახებ ავსტრიის ჩემპიონის ქართველმა ლიდერმა skysportaustria-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, გამარჯვება მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება თამაშის გაუმჯობესება, ამის პოტენციალი კი „შტურმს“ ნამდვილად აქვს“, – ამბობს კიტეიშვილი.