ავსტრიელ მოსამართლე რენატე ვინტერს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
ავსტრიელ მოსამართლე რენატე ვინტერს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

ქართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების მხარდაჭერისა და მათ განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს, ავსტრიელ მოსამართლე რენატე ვინტერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

საპატიო მოქალაქეობის მინიჭების ცერემონიალი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპატიო წოდების მინიჭების ცერემონიალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა უძღვებოდა, რომელმაც თავის გამოსვლაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მოსამართლე რენატე ვინტერის პროფესიულ და პიროვნულ გამოცდილებას, მის მაღალ ეთიკურ სტანდარტებს, როგორც კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში, ისე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების მხარდაჭერისას, პროფესიული თავგანწირვითა და დამსახურებით მიღებულ წარმატებულ შედეგებს ქართველ კოლეგებთან ერთად.

„მოსამართლე რენატე ვინტერს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი გადასცა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, რომლის თავმჯდომარედ მუშაობის პროცესშიც განხორციელდა ქართული მართლმსაჯულებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტები მოსამართლე რენატე ვინტერის უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით“, – აცხადებენ საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

მათივე ცნობით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით ხაზი გაესვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შექმნას და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მიღებას.

„თქვენ გადაარჩინეთ საქართველოში არასრულწლოვანი ბავშვების მართლმსაჯულება“, – ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა ნინო გვენეტაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლე რენატე ვინტერი მისთვის ჩვეული გმირული სულისკვეთებითა და ენერგიით შეძლებს დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულებას.

მოსამართლე ვინტერს ქართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებასა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა გადაუხადა საქართველო იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გააჟღერა დამსწრე საზოგადოების წინაშე, რომ რენატე ვინტერის თავგანწირული ძალისხმევისა და საქართველოს მხრიდან მომუშავე ძლიერი გუნდის წყალობით, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და ევროკავშირთან ერთად, საპყრობილეს 3000 ბავშვი გადაურჩა.

„თქვენ დაიმსახურეთ 3000 ბავშვის მადლიერება და ამაზე უფრო დიდი ჯილდო არ არსებობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ძალისხმევისათვის მოსამართლე რენატე ვინტერს მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰერცელმა. ავსტრიის სახელმწიფოსა და ქვეყანაში ქალთა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერისა და ამ მოძრაობების განვითარებისთვის გაწეული შრომისათვის მოსამართლე ვინტერს მიესალმა საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი პეტრა ბენკო.

თავის სიტყვაში რენატე ვინტერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს და ამჟამად თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ მზია თოდუას, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და პროფესიონალთა იმ დიდ და ძლიერ გუნდს, ვისთან ერთადაც მას მოხდა მუშაობა საქართველოში სასამართლო რეფორმის გამოწვევებზე.

„მე ვიმუშავე საუკეთესო გუნდთან და დღესაც სტუმრები მოვიწვიე პროფესიონალიზმისა და ქალთა მხარდაჭერის ნიშნით. პოლიტიკოსები იცვლებიან, პროფესიონალები არა. რომ არა თქვენი დახმარება და თანადგომა, რომ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე ორ-ორი ქალი მოსამართლე პირველი, მეორე და მესამე ინსტანციიდან, რომ არა გაერო-ს ბავშვთა ფონდი და ევროკავშირი, ეს ყველაფერი არ იქნებოდა. დიდი მადლობა თქვენ, რომ მე მეორე სამშობლო მომეცით“, – განაცხადა თავის გამოსვლაში მოსამართლე რენატე ვინტერმა.