ავსტრიაში სიგარეტის მოწევაზე შეზღუდვები ამოქმედდა
ავსტრიაში სიგარეტის მოწევაზე შეზღუდვები ამოქმედდა

ავსტრიაში სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით შეზღუდვები ამოქმედდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ამიერიდან მოწევა ევროპული ქვეყნის ყველა ბარსა და რესტორანში აიკრძალება.

კანონის ფარგლებში მოექცა ელექტროსიგარეტებიც. ნებისმიერ კვების დაწესებულებაში მოწევა მხოლოდ მათ ეზოებსა და ტერასებზე იქნება შესაძლებელი.

კანონის დარღვევის შემთხვევაში კონკრეტულ პირს ჯარიმის სახით ათასი ევროს გადახდა მოუწევს, ხოლო კვებითი დაწესებულების მფლობელი ორი ათასი ევროთი დაჯარიმდება.

კანონის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, კვებითი დაწესებულების მფოლობელი ათი ათას ევროს გადაიხდის. 

ავსტრიის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნულ აკრძალვას მხარი ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში დაუჭირა.

მის წინააღმდეგ მხოლოდ პარტია „თავისუფლება“ გამოდიოდა. აღნიშნული პარტია გარკვეული ხნის განმავლობაში ამ კანონის ამოქმედებას ხელს უშლიდა.

აქამდე ავსტრიის კვებით დაწესებულებებში მოწევა სპეციალურად მწეველებისთვის განკუთვნილ ოთახებში იყო შესაძლებელი, თუმცა მფლობელის ნებართვის შემთხვევაში სტუმრებს ბარში ნებისმიერ ადგილას შეეძლოთ მოწევა. ამის გამო ავსტრიას „ევროპის საფერფლესაც“ კი უწოდებდნენ.

სტატისტიკური მონაცემებით, ავსტრიის 8.8 მილიონი მოსახლეობიდან საშუალოდ 25 პროცენტი მწეველია მაშინ, როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში მწეველების რაოდენობა 18 პროცენტს არ აჭარბებს.

დატოვე კომენტარი