ავსტრიაში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით, შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცერი დააკავეს
ავსტრიაში შეიარაღებული ძალების ყოფილი პოლკოვნიკი დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრიული მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა Kronen Zeitung-ი ავსტრიის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი რუსეთის სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობას 20 წლის განმავლობაში ეწეოდა.
ჯაშუშობის ბრალდებით ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის წარმომადგენელი დაიბარეს.
კანცლერი სებასტიან კურცი ასევე ადასტურებს, რომ ყოფილი ოფიცერი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც ამჟამად 70 წლისაა, სავარაუდოდ, აგროვებდა ინფორმაციას ავსტრიის სამხედრო-საჰაერო ძალების, საარტილერიო სისტემებისა და მიგრაციული კრიზისის შესახებ. ის ასევე ეჭვმიტანილია ავსტრიელი სამხედრო მაღალჩინოსნების შესახებ დეტალური ინფორმაციის გადაცემაში.