ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდა
ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდა

ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერის განცხადებით, ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV რუსეთის მიერ წარმოყენებული მოთხოვნის შესრულებას დათანხმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, კარლ ნეჰამერმა ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ის პირადად დაარწმუნა, რომ რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება ავსტრიაში არ შეწყდება.

მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სერბეთმა და უნგრეთმაც. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გაზის საფასურისთვის გამოყოფილ ევროს „გაზპრომბანკში“ დააკონვერტირებენ რუბლებში.

გარდა ამისა, რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდის შესაძლებლობას განიხილავენ გერმანიაშიც. შემდეგი გადახდა გერმანიას მაისში უწევს.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა, რადგან ეს ქვეყნები გაზის საფასურის რუბლებში გადახდას არ დათანხმდნენ.

ბულგარეთში განაცხადეს, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ შიდა მოხმარების უზრუნველყოფას ერთი თის განმავლობაში შეძლებენ.

პოლონეთში კი თქვეს, რომ მათი საცავები 80%-ით არის სავსე და რუსულ გაზს აღარ შეიძენენ.