ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას აჩერებს
ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას აჩერებს

ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია „ასტრაზენეკასკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას აჩერებს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ავსტრიის წამლის ეროვნულმა მარეგულირებელმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ოთხ ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა.

ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ჯგუფის გამოყენება შეაჩერა, რათა ევროპის წამლის სააგენტოსთვის გამოძიების ჩასატარებლად დრო მიეცათ.

ევროპის წამლის სააგენტოს თქმით, ვაქცინის იმ ჯგუფის გაკეთება, რომელიც ავსტრიაში გამოიყენეს, 49 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. ის გარდაიცვალა მრავლობითი თრომბოზით, სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნით, ვაქცინის მიღებიდან ათი დღის შემდეგ.

მეორე პაციენტს ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელის გამოჯანმრთელება მიმდინარეობს. სისხლის შედედება კიდევ იმ ორ პაციენტს გამოუვლინდა, რომელმაც ვაქცინის დოზა იმავე ჯგუფიდან მიიღეს.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გართულებები გამოიწვია. ამასთან, თრომბოზი არ შედის ვაქცინის პოტენციური გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში. მათი თქმით, ვაქცინის ეს ჯგუფი (ABV5300) ერთ მილიონ დოზას მოიცავს და ევროკავშირის 17 სახელმწიფოს გადაეცა.