ავსტრალიის საზოგადოებრივ მაუწყებელში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა
ავსტრალიის საზოგადოებრივ მაუწყებელში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა

ავსტრალიის საზოგადოებრივ მაუწყებელში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცავები ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციის (ABC) სათავო ოფისსა და რამდენიმე ჟურნალისტის სახლში შევიდნენ. მაუწყებლის ხელმძღვანელობა ჩხრეკის ფაქტს აპროტესტებს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის სათავო ოფისში, ასევე ორი რეპორტიორისა და ახალი ამბების ბლოკის რედაქტორის სახლში ჩხრეკა სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვით ჩაატარეს. გამომძიებლები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა ავღანეთში დისლოცირებული ავსტრალიელი სამხედროების მიერ ქცევის წესების დარღვევაზე მომზადებულ რეპორტაჟებში საიდუმლო მასალები გაავრცელეს.

ავსტრალიელი ჟურნალისტების პროფკავშირში მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. მათი თქმით, ჟურნალისტების სახლებსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩატარებული რეიდები „ავსტრალიაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის“.

როგორც ავსტრალიის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამბობენ, გამოძიება შეეხება 2017 წელს გამოქვეყნებული რეპორტაჟების სერიას, რომელშიც ავსტრალიელი სამხედროების მიერ ჩადენილ უკანონო მკვლელობებზეა საუბარი.

აღნიშნული რეპორტაჟები ეფუძნება ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო მასალებს, რომლებიც ჟურნალისტებს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.