ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი - მივესალმები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას, დონალდ ტრამპი გამოვლენილი ლიდერობისთვის მილოცვას იმსახურებს
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი - მივესალმები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას, დონალდ ტრამპი გამოვლენილი ლიდერობისთვის მილოცვას იმსახურებს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას მიესალმება.

„მე მივესალმები ამ მიღწევას. ჩვენ მოვითხოვეთ გარკვეული დრო, რათა ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება უზრუნველყოფილიყო. ასევე, უნდა ვისაუბროთ მომავალზე, რაც ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას მოითხოვს“, – განაცხადა მან ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციის (ABC) ეთერში.

ალბანეზი ასევე ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვლენილი ლიდერობისთვის მილოცვას იმსახურებს.

ცნობისთვის, ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ისრაელის მთავრობამ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების რატიფიცირება უკვე მოახდინა.

მთავრობის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა. ამასთან, ისრაელი ღაზის სექტორში 24 საათის განმავლობაში უკან დაიხევს წინასწარ შეთანხმებულ საზღვრებამდე. ამის შემდეგ 72 საათის განმავლობაში, „ჰამასი“ გაათავისუფლებს ყველა ისრაელელ მძევალს, ცოცხალსა და გარდაცვლილს. ისრაელის თქმით, ეს შეიძლება, კვირას ან ორშაბათს მოხდეს; როგორც კი ყველა მძევალი გათავისუფლდება, ისრაელი გაათავისუფლებს 250 პალესტინელ პატიმარს, რომლებიც სამუდამო პატიმრობას იხდიან ისრაელის ციხეებში და ასევე ღაზის სექტორის 1700 მცხოვრებელს, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს.