ავსტრალიის ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაკარგა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპის K ჯგუფის შეხვედრაში სლოვენიის ნაკრებმა ავსტრალია 91:80 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავსტრალიელები მედლებისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ.
მეორე ჯგუფურ ეტაპს სლოვენიის ნაკრები სამიდან სამი გამარჯვებით შეხვდა, ხოლო ავსტრალია – ორი მოგებითა და ერთი მარცხით. ასე რომ, „მწვანე კონტინენტის“ წარმომადგენლისთვის სლოვენიასთან დაპირისპირება გადამწყვეტი იყო.
მატჩი თავიდანვე ევროპელების უპირატესობით დაიწყო. პირველ მეოთხედში სლოვენიამ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ავსტრალიამ მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, თუმცა ამის შემდეგ სლოვენიის ნაკრები ისევ გაიქცა და მეტოქემ მატჩში დაბრუნება ვეღარ შეძლო.
მთელი თამაშის განმავლობაში პერსონალურ ჯარიმებთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა სლოვენიელთა ლიდერს, ლუკა დონჩიჩს. მესამე მეოთხედის სტარტზე მას მეოთხე ჯარიმა მისცეს და ერთი შეცდომაც რომ დაეშვა, შეხვედრას დატოვებდა.
სლოვენიის ეროვნულ გუნდს 20 ქულით მაინც დონჩიჩმა ულიდერა. ტურნირის საუკეთესო მატჩი ჰქონდა მის თანაგუნდელს, მაიკ ტობის, რომელმაც, 18 ქულასთან ერთად, 12 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ავსტრალიელთაგან ყველაზე მეტი, 25 ქულა ჯოშ გიდიმ ჩააგდო.
შედეგად, K ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანია და სლოვენია გავიდნენ. ეს გუნდები ბოლო ტურში პირველადგილოსანს გამოავლენენ, ხოლო მესამე ადგილის ვინაობას ავსტრალიისა და საქართველოს შეხვედრა გაარკვევს. ორივე ეს მატჩი 3 სექტემბერს შედგება.