ავსტრალიის მთავრობამ სექსუალური ძალადობის ათასობით მსხვერპლს ოფიციალური ბოდიში მოუხადა
ავსტრალიის მთავრობამ სექსუალური ძალადობის ათასობით მსხვერპლს ოფიციალური ბოდიში მოუხადა

ავსტრალიის პარლამნეტში პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის ემოციური გამოსვლის მოსასმენად კანბერაში ასობით ადამიანი შეიკრიბა.

საქმე ეხება ხუთწლიან გამოძიებას, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ათეულობით წლების განმავლობაში სახელმწიფო დაწესებულებებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ათი ათასობით ბავშვი გახდა.

„ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ და პატიება ვთხოვოთ მათ, ვინც დავივიწყეთ“, – განაცხადა სკოტ მორისონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„რატომ უგულებელვყოფდით ბავშვებისა და მშობლების ხმებს? რატომ იყო ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა ბრმა უკანონობის მიმართ? რატომ დაგვჭირდა ამდენი დრო მოქმედებების დასაწყებად“, – აღნიშნა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

მასშტაბური გამოძიება 2017 წლის დეკემბერში დასრულდა. ხუთი წლის განმავლობაში გამომძიებლებმა ძალადობის მსხვერპლი რვა ათასი მოწმის ჩვენება მოისმინეს. დადგინდა, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ხორციელდებოდა ეკლესიებში, სკოლებში და სპორტულ დაწესებულებებში. სულ გამოძიება ოთხი ათას ორგანიზაციასთან დაკავშირებით ჩატარდა. უმეტეს შემთხვევაში მოძალადეები მასწავლებლები და სასულიერო პირები იყვნენ.

„არსებობს ზიანი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია. თუმცა იცოდეთ, რომ დღეს ავსტრალია პატიებას ითხოვს“, – განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა, ბილ შორტენმა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის სიტყვით გამოსვლისას პარლამენტში წუთიერი დუმილი გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დიდი ნაწილი ავსტრალიის მთავრობას დანაშაულებზე არასათანადო რეაგირების გამო აკრიტიკებს.