ავსტრალიის ხელისუფლება 250 000 ადამიანს სტიქიის ზონის დატოვებისკენ მოუწოდებს
ავსტრალიის ხელისუფლება 250 000 ადამიანს სტიქიის ზონის დატოვებისკენ მოუწოდებს

ავსტრალიის ხელისუფლება ტრაგედიის თავიდან ასარიდებლად 250 000 ადამიანს სტიქიის ზონის დატოვებისკენ მოუწოდებს.

როგორც ცნობილია, ტყის ხანძართან დაკავშირებით მომდევნო რამდენიმე საათი განსაკუთრებით რთული იქნება, რადგან ვიქტორიას შტატში სტიქიის ზონაში მაღალ ტემპერატურას ძლიერი ქარი ახლავს თან. როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, მართალია ცალკეულ ადგილებში წვიმა წამოვიდა, თუმცა ვითარება მაინც განსაკუთრებით რთულია.

მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება ახალი სამხრეთ უელსისა და სამხრეთ ავსტრალიის შტატებში მცხოვრები მოსახლეობაც. სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ხელისუფლება ასევე სახლების დატოვებას ურჩევს.

ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს უკვე რამდენიმე თვეა, ებრძვიან. ამ ხნის განმავლობაში ცეცხლმა 10 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის მონაკვეთი გადაწვა. დაღუპულია 27 ადამიანი. რამდენიმე დღის წინ კი მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ავსტრალიის ტყის ხანძრების კვამლმა სამხრეთ ამერიკას მიაღწია. ამ ორ კონტინენტს კი, ერთმანეთთან დაახლოებით 13 ათასი კილომეტრი აშორებს.