ავსტრალიის ღია - X დღე - ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნახევარფინალის საგზური 49 წუთში მოიპოვა
ავსტრალიის ღია - X დღე - ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნახევარფინალის საგზური 49 წუთში მოიპოვა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში თითქმის უბრძოლველად გააღწია .

რეიტინგის ლიდერი იაპონელ კეი ნიშიკორის ეთამაშებოდა, რომელმაც ამ ტურნირზე სამი ხუთსეტიანი მატჩი ჩაატარა და საერთო ჯამში, კორტზე თითქმის 14 საათი იმყოფებოდა.

როგორც ჩანს, ნიშიკორიმ ფიზიკურ დაძაბულობას ვერ გაუძლო და ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ჯოკოვიჩს. ამიტომაც, იაპონელი ვადაზე ადრე დანებდა მეტოქეს. თამაშის შეწყვეტის მომენტში, ანგარიში იყო – 6:1, 4:1 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.

ჩოგურთელებმა კორტზე მხოლოდ 49 წუთი გაატარეს, რომლის დროსაც ჯოკოვიჩი აბსოლუტურად უპირატესობას ფლობდა – პირველი და მეორე მოწოდებით ქულების 85 და 89 პროცენტი აიღო და ოთხიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ნიშიკორიმ კი პირველ მოწოდებაზე მხოლოდ 48 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 36 პროცენტი. იაპონელს მხოლოდ ხუთი „ვინერსი“ და ძალიან ბევრი – 28 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

ჯოკოვიჩმა და ნიშიკორიმ მეთვრამეტედ ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ. სერბი წინ არის – 16:2.

ასე რომ, კაცების ტურნირზე ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია –

რაფაელ ნადალი-სტეფანოს ციციპასი
ნოვაკ ჯოკოვიჩი-ლუკ პუიე