მელბურნში გაიმართა „დიდი სლემის” პირველი ტურნირის – ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე.
ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე 26-ე ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში შეხვდება კორეელ სუნ-ვუ კვონს, რომელიც 22 წლისაა და მსოფლიოს კლასიფიკაციაში 83-ე ადგილს იკავებს. მას პროფესიულ დონეზე 20 მატჩი აქვს ჩატარებული – 10 მოიგო და ამდენივე წააგო. „დიდი სლემის” ტურნირებზე კორეელის საუკეთესო შედეგი პირველ წრეში თამაშია.
ბასილაშვილი და კვონი არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში.
პირველი წრის გავლის შემთხვევაში, ქართველი მეორე რაუნდში შეხვდება ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსა და კვალიფიკაციაგამოვლილ ჩოგბურთელს შორის მოგებულს. პირველი განთესილი, ვინც შეიძლება ბასილაშვილს გადაეყაროს, არის მეშვიდე ნომრად განთესილი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი – ეს პოტენციურად მესამე წრეში მოხდება.
შარშან, ბასილაშვილმა ავსტრალიის ღიაზე ორი წრე გაიარა და 1/16 ფინალში ოთხ სეტში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან წააგო.