ავსტრალიის ღია 2024 - ჯოკოვიჩმა 18 წლის მეტოქესთან სეტი წააგო, მაგრამ მეორე წრეში გავიდა #1TVSPORT
ავსტრალიის ღია პირველობის პირველ დღეს წარმატებით დაიწყო ტიტულის დაცვა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა მიიღო 18 წლის ხორვატი ჩოგბურთელისგან, დინო პრიზმიჩისგან.
პირველ სეტში დომინირების შემდეგ ჯოკოვიჩს მეორე პარტიაში შეექმნა პრობლემები. ის ჯერ ბრეიკით ჩამორჩა, მაგრამ მომდევნო გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ამის შემდეგ მეტოქეებმა ტაიბრეიკამდე მიაღწიეს, რომელშიც პრიზმიჩმა 6:2 დაწინაურება შეძლო და ოთხმაგი სეტბოლი მოიპოვა. ნოვაკმა სამი სეტბოლის მოგერიება მოახერხა, მაგრამ მეოთხე ცდაზე ხორვარტმა აიღო მომგებიანი ქულა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტში ჩოგბურთელები ვერ ბრწყინავდნენ საკუთარ მოწოდებაზე. ჯერ ჯოკოვიჩი დაწინაურდა ბრეიკით – 2:0. შემდეგ პრიზმიჩმა აიღო ზედიზედ სამი გეიმი და ის გავიდა წინ ბრეიკით. იქვე ჯოკოვიჩმა მორიგი ბრეიკით ანგარიში გაათანაბრა – 3:3. მეშვიდე გეიმში ხორვარტმა ორი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა, მერვე გეიმში კი ნოვაკმა ერთადერთი ბრეიკპოინტი ხელიდან არ გაუშვა და შემდეგ სეტზე ჩაწოდება მოახერხა.
მეოთხე სეტი რეიტინგის ლიდერმა ორმაგი ბრეიკით დაიწყო – 3:0. პრიზმიჩი არ დანებდა და მეექვსე გეიმში ერთი საპასუხო ბრეიკი აიღო, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო – ჯოკოვიჩმა ექვსი მატჩბოლი გაანიავა, მაგრამ მეშვიდე ცდაზე შეძლო მეორე წრის საგზურის მოპოვება, სადაც ავსტრალიელებს – პოპირინსა და პოლმანსს შორის მოგებულს შეხვდება.
ჯოკოვიჩმა 17 ბრეიკპოინტიდან რვა გამოიყენა, მისმა მეტოქემ – ცხრიდან ოთხი. სერბმა, პირველ რიგში, იმის წყალობით აჯობა ხორვატს, რომ მეორე მოწოდებაზე ითამაშა ძალიან წარმატებით – ქულების 61 პროცენტი მოიგო (პრიზმიჩს ეს მაჩვენებელი 31 პროცენტი ჰქონდა).