ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაასრულა გამოსვლა ავსტრალიის ღია პირველობაზე. მსოფლიოს 27-ე ჩოგანმა მეორე წრეში ოთხ სეტში წააგო ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან – 6:4, 6:7(5), 4:6, 4:6.
ბასილაშვილისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო – პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ვერდასკოს ჰქონდა ორი ბრეიკ-პოინტი მერვე გეიმში, მაგრამ ქართველმა გადაარჩინა საკუთარი გეიმი და მასთან ერთად სეტი.
მეორე სეტიც ნიკას უპირატესობით დაიწყო და ბასილაშვილმა ისევ წაიყვანა ანგარიში ბრეიკით, მაგრამ მეექვსე გეიმში ესპანელმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და მესამე ცდაზე შეასრულა მატჩში პირველი ბრეიკი. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ვერდასკომ ერთადერთი მინიბრეიკით გაიმარჯვა.
მოგებულმა ტაი-ბრეიკმა ვერდასკოს ინიციატივა მოუტანა და მან ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა მესამე სეტი. ესპანელმა მესამე გეიმში შეასრულა ბრეიკი, ბოლო გეიმში კი ბასილაშვილის ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია.
მეოთხე სეტი ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა მატჩში. ვერდასკო ორჯერ გავიდა ბრეიკით წინ, ბასილაშვილმა ერთხელ უპასუხა, მაგრამ მეორედ ეს არ გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მეათე გეიმში ქართველმა ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ყველა შანსი გაუშვა ხელიდან.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღიაზე ვერ გაიმეორა შარშანდელი შედეგი და 45 სარეიტინგო ქულა დაკარგა.