ავსტრალიის ერთ-ერთ მდინარეში მილიონობით თევზი დაიხოცა — #1tvმეცნიერება
ავსტრალიის ერთ-ერთ მდინარეში მილიონობით თევზი დაიხოცა — #1tvმეცნიერება

ავსტრალიის ერთი პატარა ქალაქის სიახლოვეს, მდინარის ერთი მონაკვეთი აურაცხელი მკვდარი, გახრწნილი თევზით გაიჭედა. თევზების დახოცვის მიზეზი რეგიონში მძვინვარე სითბური ტალღა გახდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ წყალს მკვდარი თევზების „საბანი“ აქვს გადაფარებული, ისე, რომ ქვემოთ არაფერი აღარ ჩანს.

ახალი სამხრეთ უელსის მთავრობის განცხადებით, პატარა ქალაქ მენინდის სიახლოვეს, მდინარე დარლინგში მილიონობით თევზი დაიხოცა. 2018 წლის შემდეგ, ეს უკვე მესამე ასეთი შემთხვევაა.

„ნამდვილი საშინელებაა, დახოცილი თევზების საფარს თვალსაც ვერ გააწვდენ. გარემოზე ზემოქმედება განუზომლად დიდია“, — ამბობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი გრაემ მაკკრაბი.

წყლის დონის ბოლოდროინდელი მატების შემდეგ, ამ მდინარეში თევზის რაოდენობა გაიზარდა.

„თევზის დახოცვა დაკავშირებულია წყალში ჟანგბადის დონის შემცირებასთან (ჰიპოქსია), რადგან წყლის დონემ დაიკლო. წყლის ტემპერატურის მატება ჰიპოქსიას კიდევ უფრო ამძაფრებს, რადგან თბილი წყალში ჟანგბადი უფრო ნაკლებია, ვიდრე ცივში, თევზებს კი სითბოში მეტი ჟანგბადი სჭირდებათ“, — წერს ადგილობრივი მთავრობა განცხადებაში.