ავსტრალიის არჩევნებში მმართველმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა - „ავსტრალიელმა ხალხმა ხმა მისცა ავსტრალიურ ღირებულებებს“
ავსტრალიის არჩევნებში მმართველმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზმა განაცხადა, ავსტრალიელმა ხალხმა ხმა ავსტრალიურ ღირებულებებს მისცა.
„ჩვენი მთავრობა ავსტრალიურ გზას აირჩევს, რადგან ჩვენ ვამაყობთ იმით, ვინც ვართ და ყველაფრით, რაც ერთად ავაშენეთ ამ ქვეყანაში. ჩვენ არ გვჭირდება სხვებისგან თხოვნა, სესხება ან კოპირება. ჩვენ არ ვეძებთ შთაგონებას საზღვარგარეთიდან. ჩვენ მას აქ, ჩვენს ღირებულებებსა და ჩვენს ხალხში ვპოულობთ“, – განაცხადა მოქმედმა პრემიერმა.
ავსტრალიის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის „ლეიბორისტულ პარტიას“ 150-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში 82 მანდატი აქვს მოპოვებული. ოპოზიციური „ლიბერალურ-ნაციონალური კოალიციის“ ლიდერმა, პიტერ დატონმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა და ალბანეზს გამარჯვება მიულოცა.