ავსტრალიასთან გაფორმებული შეთანხმების გამო, ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების სამიტი გაუქმდა
საფრანგეთისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრების სამიტი გაუქმდა. საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, სამიტის გაუქმების მიზეზი აშშ-ს, ავსტრალიასა და ბრიტანეთს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმებაა, რის გამოც ავსტრალიამ საფრანგეთთან 2016 წელს დადებული შეთანხმება გააუქმა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს, ბენ ვოლასსა და მის ფრანგ კოლეგას, ფლორანს პარლის შეხვედრა ლონდონში უნდა გამართულიყო. დიპლომატიური დავის გამო ასევე გაუქმდა ფრანკო-ბრიტანული საბჭოს შეხვედრაც, რომელსაც ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურები უნდა დასწრებოდნენ.
უსაფრთხოების სფეროში ახალი პარტნიორობის შექმნის შესახებ აშშ-მა, ავსტრალიამ და ბრიტანეთმა 15 სექტემბერს განაცხადეს. შეთანხმების ფარგლებში, ავსტრალია, აშშ-ისა და ბრიტანეთის დახმარებით, სულ მცირე რვა წყალქვეშა ნავის აგებას აპირებს, რომლებიც ბირთვული ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
სამმხრივი ხელშეკრულების გამო, ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა, რასაც პარიზში „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს.