ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად ორი მეხანძრე დაიღუპა, სამი კი დაშავდა
ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად ორი მეხანძრე დაიღუპა, სამი კი დაშავდა

ავსტრალიაში ტყის ხანძარს ორი მეხანძრე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

მოხალისე მეხანძრეები, 32 წლის ჯეფრი კიტონი და 36 წლის ენდრიუ ოდვეიერი სიდნეის სამხრეთ ნაწილში ხანძრის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას.

ოპერაციის დროს ხე მათ ავტომობილს დაეცა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ. ამასთან ერთად, ინციდენტის დროს დაშავდა სამი მოხალისე მეხანძრე, რომლებიც სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

სიდნეის სამხრეთ ნაწილში ტყის მასივზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო ვერ ხერხდება. როგორც მეხანძრეები იუწყებიან, ცეცხლმა შესაძლოა 40 საცხოვრებელი სახლი გადაწვას.

ახალი სამხრეთ უელსის შტატში, სადაც ხანძარი მძვინვარებს, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ორი ათასამდე მეხანძრე მთელი რეგიონის მასშტაბით ცეცხლის 100-ზე მეტ კერას ებრძვის.

ბოლო რამდენიმე თვეში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, ეს უკვე მეორე მასშტაბური ტყის ხანძარია. ამ პერიოდში სტიქიამ 7,4 მილიონი აკრი მიწის ნაკვეთი გადაწვა. დაიღუპა ექვსი ადამიანი და 800 საცხოვრებელი სახლი განადგურდა.