ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ძლიერმა სტიქიამ 100-მდე საცხოვრებელი სახლი გადაწვა. არ გამორიცხავენ, რომ დაკარგულების რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

რეკორდული მასშტაბების ხანძარი ახალი სამხრეთ უელსის შტატში მძვინვარებს. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, რეგიონში ცეცხლის 135 კერა ფიქსირდება.

როგორც ადგილობრივი მეხანძრეები იუწყებიან, ცეცხლის ლიკვიდირებაში ხელს მეტეოროლოგიური პირობები უშლით. რეგიონში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ +35 გრადუს ცელსიუსს უტოლდება, რასაც ემატება ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი.

ვრცელდება ცნობები, რომ გარკვეულ დასახლებებში ადამიანები ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებენ. სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებს კი აღნიშნულ ტერიტორიამდე მისვლა ხანძრის გამო უჭირთ. ტყის ხანძრის პირობებში შტატის ხელისუფლება მოსახლეობას განგაშის სიგნალს სისტემატიურად უგზავნის.

გასულ კვირას გავრცელდა ცნობა, რომ ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძარმა შესაძლოა, ასობით კოალას სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთი ვარაუდი ექსპერტებმა გამოთქვეს. შტატში სწორედ ის ადგილი დაიწვა, სადაც კოალები ბინადრობენ. გავრცელებული ცნობით, სტიქიამ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ათასი ჰექტარი გადაწვა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნულ რეგიონში კოალების დაღუპვა ეროვნულ ტრაგედიას უტოლდება, რადგან ისინი უიშვიათესი სახეობის წარმომადგენლები იყვნენ. ამასთან ერთად, რეგიონში გენეტიკურად მრავალფეროვანი სახეობების კოალები ცხოვრობდნენ.

დატოვე კომენტარი