ავსტრალიაში ტყის ხანძარმა რეკორდულ მასშტაბს მიაღწია
ავსტრალიაში ტყის ხანძარმა რეკორდულ მასშტაბს მიაღწია

ავსტრალიაში ტყის ხანძარმა რეკორდულ მასშტაბს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ (BBC) ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ამჟამად ხანძრის 90-ზე მეტი კერა ფიქსირდება. როგორც ადგილობრივი მეხანძრეები იუწყებიან, სტიქიის გაუვნებელყოფაში ხელს მეტეოროლოგიური პირობები უშლით. რეგიონში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ +35 გრადუს ცელსიუსს უტოლდება. ამას კი ემატება ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი.

ვრცელდება ცნობები, რომ გარკვეულ დასახლებებში ადამიანები ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებენ. სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრები კი აღნიშნულ ტერიტორიამდე მიღწევას ხანძრის გამო ვერ ახერხებენ. ტყის ხანძრის პირობებში შტატის ხელისუფლება მოსახლეობას განგაშის სიგნალს სისტემატიურად უგზავნის.

გასულ კვირას გავრცელდა ცნობა, რომ ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძარმა შესაძლოა, ასობით კოალას სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთი ვარაუდი ექსპერტებმა გამოთქვეს. შტატში სწორედ ის ადგილი დაიწვა, სადაც კოალები ბინადრობენ. გავრცელებული ცნობით, სტიქიამ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ათასი ჰექტარი გადაწვა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნულ რეგიონში კოალების დაღუპვა ეროვნულ ტრაგედიას უტოლდება, რადგან ისინი უიშვიათესი სახეობის წარმომადგენლები იყვნენ. ამასთან ერთად, რეგიონში გენეტიკურად მრავალფეროვანი სახეობების კოალები ცხოვრობდნენ.