ავსტრალიაში „ფეისბუქზე“ ახალი ამბების გამოქვეყნება შესაძლოა, შეიზღუდოს
ავსტრალიაში „ფეისბუქზე“ ახალი ამბების გამოქვეყნება შესაძლოა, შეიზღუდოს

ავსტრალიაში „ფეისბუქზე“ ახალი ამბების გამოქვეყნება შესაძლოა, შეიზღუდოს. შესაბამისი ზომის მიღებით სოციალური ქსელის ადმინისტრაცია მას შემდეგ დაიმუქრა, რაც ავსტრალიის მთავრობამ შეიმუშავა კანონი, რომელიც „ფეისბუქს“ ავალდებულებს, მათ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ახალი ამბების ავტორ მედიასაშუალებებს ანაზღაურება გადაუხადოს.

ავსტრალია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი კანონი შეიმუშავა და მის ამოქმედებას აპირებს. პროექტის მიხედვით, ადგილობრივი მედიასაშუალებების მასალების გამოქვეყნების სანაცვლოდ ანაზღაურების გადახდა „ფეისბუქთან“ ერთად „გუგლსაც“ მოუწევს.

„თუ პროექტი კანონად გადაიქცევა, ჩვენ მოგვიწევს ავსტრალიელ მომხმარებლებს შევუზღუდოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ახალი ამბების გავრცელება „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“, – განაცხადა „ფეისბუქის“ ავსტრალიის ბიუროს დირექტორმა უილ ისტონმა.