ავსტრალიაში, ახალგახსნილ მაღაროში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ერთი პირი
ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, ახლახან გახსნილ მაღაროში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქება სიდნეიდან, დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარე ქალაქ კობარში, Endeavor-ის ვერცხლის, თუთიისა და ტყვიის საბადოში მოხდა, რომელიც Polymetals Resources Ltd-ს ეკუთვნის.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 60 წლის მამაკაცი და 20 წლის ქალი. მათი ცხედრები ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
მედიის ინფორმაციით, სამთო-მოპოვებითი სამუშაოები დროებით შეჩერებულია და ადგილზე ახლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს.
ახალი სამხრეთ უელსის პრემიერ-მინისტრის, კრის მინსის განცხადებით, კობარში მომხდარი ტრაგედია მთელ სამთო ინდუსტრიაზე აისახება. მინსის თქმით, ეს არის მაგალითი, რომ სექტორმა მაღაროელების უსაფრთხოებისთვის პირობების გაუმჯობესება არ უნდა შეწყვიტოს.
ცნობისთვის, მაღარო 1982 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა 2020 წელს ის ტექნიკური სამუშაოების გამო დაიხურა. 2023 წელს ტერიტორია Polymetals-მა შეიძინა და წელს სამთო ოპერაციები განაახლა.