ავსტრალიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმება მომგებიანი იქნება ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის
ავსტრალიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმება მომგებიანი იქნება ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის

ავსტრალიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმება მომგებიანი იქნება ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ავსტრალიის ვაჭრობის მინისტრ დან ტეჰანის განცხადებით, კანბერასა და პარიზს შორის წყალქვეშა ნავების შეთანხმებასთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე, ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ყველასთვის მომგებიანი იქნებოდა. მისი თქმით, ევროკავშირი აღნიშნული შეთანხმებით ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გამყარებას შეუწყობდა ხელს, რადგან აღნიშნული რეგიონი მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ავსტრალია და ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდს 12 ოქტომბერს გამართავენ.

ექსპერტთა შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯით ავსტრალია საფრანგეთთან და ევროკავშირთან არსებული უთანხმოებების დარეგულირებას ცდილობს. ავსტრალიის მიერ საფრანგეთთან 40 მილიარდი დოლარის ღირებულების წყალქვეშა ნავების შეძენის შეთანხმების გაუქმებამ უკმაყოფილება გამოიწვია პარიზში, რომელსაც მხარი ბრიუსელმაც დაუჭირა. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის პრემიერმა სკოტ მორისონმა, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ იორკში იმყოფება, უარი განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუილ მაკრონთან შეხვედრაზე.