ავსტრალიამ ახალი ზელანდია დაამარცხა - „ოლ ბლექსმა“ რეიტინგის პირველი ადგილი დაკარგა [ვიდეო]
„რაგბი ჩემფიონშიფის“ ბოლო, მესამე ტურის შეხვედრაში, ავსტრალიამ ახალ ზელანდიას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 47:26 დაამარცხა.
მასპინძლები ლეალიფანოს საჯარიმოთი გავიდნენ წინ. მე-10 წუთზე ჰოჯმა შეხვედრის პირველი ლელო დადო და „ვოლაბები“ 10 ქულით დააწინაურა. ამის შემდეგ, „ოლ ბლექსი“ გამოცოცხლდა და ლენეტ-ბრაუნის და იოანეს ლელოებით წინ გავიდა, თუმცა ტაიმის დასრულებამდე ლეალიფანომ კიდევ ორი საჯარიმო შეასრულა ზუსტად და ავსტრალიამ პირველი ნახევარი ანგარიშით 16:12 მოიგო. გადამწყვეტი ეპიზოდი სწორედ ტაიმის მიწურულს ვიხილეთ, როდესაც მსაჯმა ახალ ზელანდიელთა მეორე ხაზელი სკოტ ბარეტი უხეშობისთვის წითელი ბარათით დასაჯა და სტუმრები მეორე ნახევარში კაცნაკლულნი დარჩნენ.
მეორე ტაიმში ავსტრალიამ 14 კაციან „ოლ ბლექსთან“ გამკლავება მოახერხა – თამაშის ბედი სატოს და კორობეტეს ლელოებმა გადაწყვიტა. შეხვედრის მიწურულს ჰოჯმა დუბლი შეასრულა, მატჩს კი წერტილი კორტლი ბილმა დაუსვა და „ვოლაბებმა“ ანგარიშით 47:26 მოიგეს.
საგულისხმოა, რომ 11 წლიანი პაუზის შემდეგ, ახალმა ზელანდიამ მსოფლიო სარაგბო რეიტინგის პირველი ადგილი დაკარგა და ეს პოზიცია ისტორიაში პირველად უელსის ნაკრებმა დაიკავა.
რაც შეეხება „რაგბი ჩემფიონშიფს“, სატურნირო ცხრილს რვა ქულით ავსტრალია ლიდერობს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი სამხრეთ აფრიკა არგენტინას დაამარცხებს, გამარჯვებულები სწორედ „ქურციკები“ გახდებიან.