ავსტრალია უხანიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს შობის კუნძულზე მდებარე საიმიგრაციო ცენტრში განათავსებს
ავსტრალია უხანიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს შობის კუნძულზე მდებარე საიმიგრაციო ცენტრში განათავსებს

ავსტრალია უხანიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს შობის კუნძულზე მდებარე საიმიგრაციო ცენტრში განათავსებს, სადაც ისინი ორკვირიან კარანტინს გაივლიან. ავსტრალიის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩინეთიდან პირველი რეისით ევაკუირებულია 243 მოქალაქე და ბინადრობის უფლების მქონე პირი, მათ შორის 89 ბავშვი.

მეორე რეისი ჩინეთიდან ავსტრალიის მოქალაქეების ევაკუაციისთვის მიმდინარე კვირას არის დაგეგმილი.
თვითმფრინავით მგზავრები ჩინეთიდან ჯერ დასავლეთ ავსტრალიაში, ქალაქ ლერმონთის საჰაერო სამხედრო ბაზაზე ჩაიყვანეს, საიდანაც მათ ასევე თვითმფრინავით შობის კუნძულზე გადაიყვანენ. კუნძულზე მოწყობილია საველე ჰოსპიტალი. იქ ასევე იმუშავებს 24 ექიმისგან და ექთნებისგან შემდგარი სამედიცინო ჯგუფი.

ავსტრალიაში კორონავირუსის ახალი ტიპის 12 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან სამი პაციენტი განიკურნა და მათ სიდნეის საავადმყოფო დატოვეს.

პირველი თებერვლიდან ავსტრალიამ ჩინეთიდან ჩასული უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მიღება აკრძალა.