რეკორდული სხვაობით (43:5) წაგების და „ბლედისლოუს თასის“ დაკარგვის შემდეგ, ავსტრალიამ ახალი ზელანდია დაძაბულ და ქაოტურ მატჩში, ორქულიანი სხვაობით, ანგარიშით 24:22 დაამარცხა. ბრისბენში გამართული შეხვედრა ორივე გუნდმა 14 მორაგბით დაასრულა – 21 წუთზე მაღალი ბოჭვისთვის „ოლ ბლექსის“ ბურჯი ოფა ტუ’უნგაფასი წითელი ბარათით დაისაჯა. მისი ბედი 35 წუთზე „ვოლაბების“ დებიუტანტმა ლაქლან სვინტონმაც გაიზიარა, რომელმაც გაძევება ზუსტად ანალოგიური ქმედებისთვის დაიმსახურა.
შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს – მესამე წუთზე მასპინძლები ვრაითმა დააწინაურა. იოანემ ექვსიოდ წუთში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, რასაც მალევე ჯერ რის ჰოჯის, ხოლო შემდეგ კი ჯორდი ბარეტის საჯარიმო დარტყმები მოჰყვა და პირველი ნახევარი ფრედ, ანგარიშით – 8:8 დასრულდა.
მატჩის ბედი 75 წუთზე გადაწყდა, როდესაც ანგარიში 17:15 იყო. შეცვლაზე შემოსულმა ბურჯმა ტანიელა ტუპომ ლელო მიითვალა და ჰოჯის გარდასახვის შედეგად მასპინძლები ცხრაქულიანი უპირატესობით გავიდნენ წინ. ახალ ზელანდიელებმა დარჩენილ დროში ლელოს დადება (ვაა’ი – 79) მოასწრეს, მაგრამ მატჩის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ.
„სამი ერის“ (Tri Nations) ორი ტურის შემდეგ ახალ ზელანდიელებს, რომლებმაც ბონუსი ორივე შეხვედრაში აიღეს, ექვსი ქულა აქვთ და პირველ ადგილს იკავებენ. მეორეზე ოთხი ქულით ავსტრალიაა, ხოლო არგენტინელებს ჯერ შეხვედრა არ გაუმართავთ და შესაბამისად, ნული ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო, მესამე ადგილს იკავებენ.