ავლაბარში ისტორიული მოაჯირის აღდგენა იგეგმება
ავლაბარში ისტორიული მოაჯირის აღდგენა იგეგმება

ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ავლაბარში ისტორიული მოაჯირის აღდგენა იგეგმება. მან ამის შესახებ ავლაბრის ისტორიულ ნაწილში, ტურისტულად აქტიურ ზონაში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ განაცხადა. ბარათაშვილის აღმართთან მდებარე გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, ძველი ისტორიული მოაჯირი ავარიულ მდგომარეობაშია და აღდგენას საჭიროებს. ასევე, დაზიანებულია ბარათაშვილის აღმართიდან ამავალი კიბე, რომლითაც ტურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები სარგებლობენ.

„უძველესი მოაჯირი, რომელიც ტურისტულ მარშრუტზე გადის, სავალალო მდგომარეობაშია და გამვლელებისთვის ფაქტობრივად, საფრთხეს წარმოადგენს.

უახლოეს პერიოდში, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ტენდერს გამოაცხადებს, რის შემდეგაც, მოაჯირის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ქალაქის ისტორიული ნაწილის შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, მსგავსი ღირებული პროექტების განხორციელებას ხელს შევუწყობთ”, – განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა.