ავიაკომპანია Ryanair-ის პილოტები, ბორტგამცილებლები და დისპეტჩერები ზაფხულში გაიფიცებიან
ავიაკომპანია Ryanair-ის პილოტები, ბორტგამცილებლები და დისპეტჩერები ზაფხულში გაიფიცებიან

ბრიტანული „გარდიანის“ ინფორმაციით, ავიაკომპანია Ryanair-ის პილოტების 24 საათიანი გაფიცვა 12 ივლისს არის დაგეგმილი. მას დაახლოებით 100 მფრინავი უერთდება.

რაც შეეხება ეკიპაჟის წევრებს და დისპეტჩერებს, ისინი საპროტესტო აქციებს ევროპის 4 ქვეყანაში ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ბელგიაში 25 და 26 ივლისს გეგმავენ.

მათივე თქმით, ავიაკომპანიის ხელმძღვანელებმა ვერ დააკმაყოფილეს მათი მოთხოვნები. ეკიპაჟის წევრები და დისპეტჩერები Ryanair-ისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ეს მოიცავს როგორც ხელფასების მომატებას, ისე უსაფრთხოების დაცვას.

კომპანიაში განაცხადეს, რომ გაფიცვის მონაწილეთა მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან თანამშრომლებს უკვე აქვთ შექმნილი საუკეთესო პირობები. ეკიპაჟის წევრები წელიწადში 40 000 ევროს გამოიმუშავებენ, ისინი კომპანიის ხარჯზე გადიან ბიულეტენზე და უტარდებათ უფასო ტრენინგები.

Ryanair-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ის ფრენებს 37 ქვეყანაში ახორციელებს. შარშან Ryanair-ის მომსახურებით 130 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა.