ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სუდანიდან კომპანიის თანამშრომლების ევაკუაცია ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა იმედოვნებს, რომ პროცესი მალე დაიწყება
ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სუდანიდან კომპანიის თანამშრომლების ევაკუაცია ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა იმედოვნებს, რომ პროცესი მალე დაიწყება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ გენერალური დირექტორი რატი ბაკურაძე აცხადებს, რომ სუდანიდან კომპანიის თანამშრომლების ევაკუაცია ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა იმედოვნებს, რომ პროცესი დღესვე დაიწყება.

როგორც ბაკურაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მუდმივ კავშირზეა საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებთან, რომ შესაბამის დროს დაიწყოს ევაკუაციის პროცესი.

„დილიდან ვთანამშრომლობთ და სატელეფონო ხაზზე ვართ საქართველოს კონსულთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ქვეყნები, როგორც ჩანს, საკუთარი საელჩოების ევაკუაციას იწყებენ სახმელეთო გზით სხვა ქალაქში გადაყვანით, როგორიც არის, მაგალითად, პორტსუდანი, რომელიც 700-800 კილომეტრის დაშორებით არის ეპიცენტრიდან. ჩვენ ახლა მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა პარტნიორთან, იქნებ რამენაირად შესაძლებელი იყოს, რომ ჩვენც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით უსაფრთხოდ შევძლოთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაცია სახმელეთო გზით. ელექტროენერგია ასე თუ ისე არის, რაღაც ნაწილი მომარაგებულია, მაგრამ ახლა მთავარია, სასწრაფოდ მოხდეს მათი ევაკუაცია, რათა ავირიდოთ ნებისმიერი რისკი“, – განაცხადა რატი ბაკურაძემ.

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს.