ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ სატვირთო გადაზიდვებს იწყებს
ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ სატვირთო გადაზიდვებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ ავიაპარკს აფართოებს და სამგზავრო ავიარეისებთან ერთად სატვირთო გადაზიდვებისთვის ემზადება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბოინგ 737-700 ტიპის სატვირთო ხომალდი უკვე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ, ავიაკომპანია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სატვირთო ბაზრების დაფარვას გეგმავს. Myway Airlines-ის სატვირთო ხომალდს 20.5 ტონის და 138 კუბური მეტრის მოცულობის ტვირთის 5 000 კმ მანძილზე ტრანსპორტირება შეუძლია.

„მაივეი ეარლაინსი“ საქართველოში დაფუძნებული სრული მომსახურების ავიაკომპანიაა. კომპანია სრულად არის დაკომპლექტებული ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით.