ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირველი საჩვენებელი ფრენა შეასრულა
ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირველი საჩვენებელი ფრენა შეასრულა

ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა დღეს თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირველი საჩვენებელი ფრენა შეასრულა და სამგზავრო რეგულარული ფრენების პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ავიაკომპანიის მიერ დაგეგმილ ქვეყნის შიდარეგულარული ფრენების განხორციელების დაწყების გეგმასა და საჰაერო ხომალდის პრეზენტაციას გაეცნენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ქართული ავიაციის ინდუსტრია ძლიერდება.

„დღევანდელი ღონისძიებაც არის მაგალითი, რომ ადგილობრივი ავიაკომპანია მზად არის კომერციულად, სახელმწიფოს დამატებითი ჩართულობისა და დახმარების გარეშე, ფინანსურად, რეგულარულად შეასრულოს კომერციული რეისები თბილისსა და ბათუმს შორის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საწყის ეტაპზე კვირაში 12 სიხშირით შესრულდება ფრენები ორ ქალაქს შორის. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა თბილისსა და ბათუმს შორის გაზრდილია. კომპანია, თავის მხრივ, შეძლებს, ხელი შეუწყოს ორ ქალაქს შორის მობილობის გაზრდას. რა თქმა უნდა, ხელი შეეწყობა ტურისტული ნაკადების მოძრაობას თბილისიდან ბათუმამდე და ბათუმიდან თბილისამდე. ორი საერთაშორისო აეროპორტის არსებობა თბილისსა და ბათუმში უზრუნველყოფს, რომ თბილისში ჩამოფრენილმა ტურისტმა უფრო კომფორტულად და სწრაფად შეძლოს ბათუმში მოგზაურობა, ისევე როგორც ბათუმში ჩამოსულმა საერთაშორისო მოგზაურმა შეძლოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მოგზაურობა ერთი ვიზიტის ფარგლებში. წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას და დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის, ისევე როგორც ავიაციის ინდუსტრია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

28 ივლისიდან Georgian Wings-ი სამგზავრო რეგულარულ ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდით კვირაში 12 სიხშირით შეასრულებს. ფრენა დაახლოებით 55 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.