ავიაკომპანია „ფლაინასი“ ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს
ავიაკომპანია „ფლაინასი“ ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანია „ფლაინასი“ (Flynas) ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებას იწყებს. ერ-რიადი-თბილისის მიმართულებით რეისები მთელი წლის განმავლობაში შესრულდება. პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყება.

ავიაკომპანია „ფლაინასის“ განაცხადებით, ერ-რიადიდან  თბილისის მიმართულებით კვირაში სამი პირდაპირი რეისი განხორციელდება.

„კომპანიამ გაითვალისწინა მგზავრების მოთხოვნა და გაზარდა ოპერირება ახალი მიმართულებით“, – ნათქვამია ავიაკომპანია „ფლაინასის“ განცხადებაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებენ საუდის არაბეთში, აქედან გამომდინარე მჭიდროდ თანამშრომლებენ ავიაკომპანიასთან, საქართველოს მხრიდან არაერთი მოლაპარაკება გაიმართა, რათა ავიაკომპანია სეზონურიდან რეგულარულ ფრენებზე გადასულიყო.

ერ-რიადი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილსა და ავიკომპანია „ფლაინასის“ აღმასრულებელ დირექტორს, ბანდერ ალმოჰანას შორის მიმდინარე წლის გაზაფხულზე შედგა. მოლაპარაკებებში ჩართული იყო საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში.

„საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, გამორჩეული მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს საუდის არაბეთში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და დამატებითი სტიმულია საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის კუთხით. წარმატებული მარკეტინგული კამპანიისა და ავიაკომპანიის ეფექტური ოპერირების შედეგად, საუდის არაბეთიდან საქართველოში მიმდინარე წლის რვა თვეში 44,6 პროცენტით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ავიკომპანია „ფლაინასის“ გადაწყვეტილება მთელი წლის განმავლობაში გადავიდეს ოპერირებაზე, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ავიაკომპანია „ფლაინასი“ საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს.

„ფლაინასი“ საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებისგან (Airbus A320NEO) შედგება. დაარსებიდან დღემდე ავიაკომპანია 40 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა და ეს ციფრი წლიდან წლამდე მზარდია“, – აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.