ავიაკომპანია „ბელავიამ“ ლონდონსა და პარიზში ოქტომბრის ბოლომდე რეისები გააუქმა
ავიაკომპანია „ბელავიამ“ ლონდონსა და პარიზში ოქტომბრის ბოლომდე რეისები გააუქმა

ბელარუსულმა ავიაკომპანია „ბელავიამ“ ლონდონსა და პარიზში ოქტომბრის ბოლომდე რეისები გააუქმა. ამის შესახებ ნათქვამია ავიაგადამზიდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ რეისების გაუქმების გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობების მიერ „ბელავიასთვის“ რეისების შესრულების აკრძალვის გამო მიიღეს.

„დამწუხრებული ვართ შექმნილი ვითარების გამო, რომლის შეცვლაც ჩვენს ძალებში არ ექვემდებარება. ბოდიშს ვუხდით მგზავრებს“, – აღნიშნულია „ბელავიას“ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ უკვე გაუქმდა დღეს დილით მინსკიდან პარიზის მიმართულებით დაგეგმილი ფრენა.

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში ევროპულ გადამზიდავ კომპანიებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებისგან.

ევროპულმა საბჭომ ასევე მოუწოდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს, გამოიძიოს მინსკის „რეინეარის“ რეისის იძულებით დასმა. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანიების რიცხვს, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებზე უარს ამბობენ, „ეარ ფრანსი“, „ფინეარი“ და „სინგაპურის ავიახაზები“ შეუერთდნენ.