ავიაკატასტროფას გადარჩენილმა „შაპეკოენსეს“ მოთამაშემ ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა
ავიაკატასტროფას გადარჩენილმა „შაპეკოენსეს“ მოთამაშემ ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა

ბრაზილიური „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელმა ნეტომ, რომელიც ერთ-ერთია იმ ექვსი იღბლიანი ადამიანიდან, ვინც 2016 წელს მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა, დიდი ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ტრაგედიის შემდეგ, 34 წლის მცველს ორწლიანი რეაბილიტაციის პერიოდი ჰქონდა, სანამ მოედანს დაუბრუნდებოდა, თუმცა ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ტკივილები ისევ აწუხებს და თამაშს ვეღარ შეძლებს.

„გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარება მინდოდა, მაგრამ ექიმებთან და კლუბთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, რომ არ ღირს“, – განაცხადა ნეტომ. – „ჩემი სხეული დატვირთვებს ვეღარ უძლებს. ტკივილები უფრო ძლიერია, ვიდრე თამაშით მიღებული სიამოვნება“.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს მომხდარ ავიაკატასტროფას „შაპეკოენსეს“ თითქმის მთელი შემადგენლობა ემსხვერპლა. გუნდი კოლუმბიის ქალაქ მედელინში „სამხრეთამერიკული თასის“ (Copa Sudamericana) ფინალში „ატლეტიკო ნასიონალთან“ სათამაშოდ მიემგზავრებოდა, როდესაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

მიმდინარე სეზონში „შაპეკოენსემ“ ბრაზილიის უმაღლეს დივიზიონში ბოლო ადგილი დაიკავა და რანგით მეორე ლიგაში დაქვეითდა.