ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ დაიწყო
ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ My Way Airlines-მა დაიწყო ოპერირება, რომელმაც პირველი ჩარტერული რეისი თბილისი-თეირანის მიმართულებით შეასრულა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია ბაზარზე რეგულარული ფრენების დაწყებას 2018 მაისიდან გეგმავს. პირველ ეტაპზე, ავიარეისები ხუთი მიმართულებით შესრულდება. წლის განმავლობაში კი, რეისების რაოდენობა ეტაპობრივად, 10 მიმართულებით გაიზრდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, რომ ახალი ქართული ავიაკომპანიის დაფუძნებით, ქართულ ავიაბაზარზე კონკურენცია გაიზრდება.

„ქართული ავიაბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური თუ ადგილობრივი ავიაკომპანიებისთვის. მივესალმებით, საქართველოში ახალი ქართული ავიაკომპანიის ოპერირებას, რომლის გუნდიც მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობით არის დაკომპლექტებული. კომპანიას აქვს სამწლიანი გეგმა. მისი მთავარი ამოცანაა, სამი წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 1500-მდე გაზარდოს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ჯანსაღ კონკურენციას ქართულ ავიაბაზარზე“, – განაცხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, დეა მაჭავარიანმა.

My Way Airlines-ის კომერციული დირექტორის, იგორ აფციაურის განცხადებით, კომპანია ავიაბაზარზე რეგულარული ფრენების დაწყებას 2018 წლის მაისიდან ეტაპობრივად აპირებს. ავიაკომპანია სრულად ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.

კომპანია ფრენების განხორციელებას თბილისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-შიც გეგმავს.