ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში „თალიბანის“ თვითმკვლელი ტერორისტის ტერაქტს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი, დაშავდა.

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა დანაღმულ სატვირთო ავტომობილს, რომელსაც რადიკალური დაჯგუფების, „თალიბანის“ წევრი მართავდა, ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურება მაინც შეძლო.

ინციდენტი პოლიციის შენობების და ადგილობრივი ხელისუფლების სამთავრობო კომპლექსის მახლობლად მოხდა. აფეთქების შედეგად აღნიშნული შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

სამივე დაღუპული ავღანეთის უსაფრთხოების ძალებში მსახურობდა, დაშავებულებს შორის კი, მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. რადიკალური დაჯგუფების გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციის შენობებს უსაფრთხოების ძალები სამხედრო ცენტრებად იყენებდნენ, საიდანაც თალიბების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები ტარდებოდა.

გასულ კვირაში ავღანეთში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა მაშინ, როდესაც აშშ ავღანეთის ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობს.