ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება „ჰაკანის ქსელის“ დამფუძნებელი გარდაიცვალა
ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება „ჰაკანის ქსელის“ დამფუძნებელი გარდაიცვალა

ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება „ჰაკანის ქსელის“ დამფუძნებელი გარდაიცვალა. ჯალალუდინ ჰაკანი რამდენიმე წლის განმავლობაში ავადმყოფობდა. მისი გარდაცვალების შესახებ მოძრაობა „თალიბანმა“ ოფიციალურად დაადასტურა.

ჯალალუდინ ჰაკანი ცენტრალური აზიის სახელმწიფოში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ის მოძრაობა „თალიბანთან“ და „ალ-ყაიდასთან“ თანამშრომლობდა. მისი წევრები მრავალი წლის განმავლობაში ავღანეთის შეიარაღებული ძალებისა და ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდნენ. 2001 წლის შემდეგ დაჯგუფებას მისი შვილი ხელმძღვანელობს.

1980-იან წლებში ჯალალუდინ ჰაკანი ავღანეთში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ მებრძოლთა ლიდერი იყო. ამ პერიოდში ის აშშ-ის დაზვერვის მნიშვნელოვან მოკავშირეს წარმოადგენდა, თუმცა 1996 წელს, ქვეყანაში თალიბანის კონტროლის დამყარების შემდეგ ჰაკანმა ექსტრემისტულ მოძრაობასთან მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარა.