ავღანეთში „თალიბანის“ საწინააღმდეგო აქციები გაიმართა
ავღანეთში „თალიბანის“ საწინააღმდეგო აქციები გაიმართა

ავღანეთში „თალიბანის“ საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქაბულში, პაკისტანის საელჩოსთან ათეულობით დემონსტრანტი შეიკრიბა, სადაც სახლში დარჩენის შესახებ „თალიბანის“ მოთხოვნა გააპროტესტეს. დემონსტრანტების დასაშლელად „თალიბანის“ მებრძოლებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს.

ავღანელი ქალების საპროტესტო აქცია გაიმართა ქაბულის კაპისას რაიონში. ვრცელდება ინფორმაცია აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავების შესახებაც.

აქციები გაიმართა ფარვანისა და ნიმრუზის პროვინციებშიც, სადაც დემონსტრანტები სკანდირებდნენ, რომ ვერავინ შეძლებს ხალხის ხმის ჩახშობას იარაღის ძალითაც კი.

ამასთან, მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც „თალიბების“ მიერ ნაცემი ორი ჟურნალისტია ასახული, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.

აღსანიშნავია, რომ „თალიბანმა“ ავღანეთში საპროტესტო აქციები აკრძალა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, აქციის გამართვამდე არა უგვიანეს 24 საათისა, იუსტიციის სამინისტროს უნდა შეატყობინონ საპროტესტო აქციის მიზეზის, მისი ადგილისა და დროის, ასევე ლოზუნგების შესახებ.

დატოვე კომენტარი