ავღანეთში სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი აშრაფ ღანი ლიდერობს
ავღანეთში სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი აშრაფ ღანი ლიდერობს

ავღანეთში სექტემბრის ბოლოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი აშრაფ ღანი ლიდერობს. ​მან ამომრჩეველთა ხმების 50,64% მოიპოვა, მისმა მთავარმა მეტოქემ პრემიერ-მინისტრმა აბდულა აბდულამ – ხმების 39.52 %. წინასწარი შედეგები დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა.

კანდიდატებს შედეგების გასაჩივრებისთვის სამდღიანი ვადა აქვთ.

საბოლოო შედეგების გამოცხადების დრო უცნობია. თუ ეს შედეგები დადასტურდება, არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება.

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართა. პრეზიდენტის თანამდებობაზე 18 კანდიდატი იყრიდა კენჭს. ხმის მიცემის პროცედურამ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე ჩაიარა. ავღანეთის ეროვნული ერთიანობის მთავრობის ხელმძღვანელმა აბდულა აბდულამ არჩევნებში თავისი გამარჯვების შესახებ ჯერ კიდევ 30 სექტემბერს გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ წინა არჩევნების შემდეგ ორივე წამყვანმა კანდიდატმა აშრაფ ღანიმ და აბდულა აბდულამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შუამავლობით მიღწეულ იქნა კომპრომისი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი – ღანი, პრემიერი კი, აბდულა გახდა.