ავღანეთში საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად ახალშობილები დაიღუპნენ
ავღანეთში საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად ახალშობილები დაიღუპნენ

ავღანეთში საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად ახალშობილები დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სულ ქაბულში მომხდარი ინციდენტის შედეგად 16 ადამიანი მოკლეს.

გავრცელებული ცნობით, ბოროტმოქმედები სამნი იყვნენ და მათ პოლიციის ფორმა ეცვათ.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელების ლიკვიდაცია რამდენიმესაათიანი სროლის შემდეგ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ მებრძოლები თავს დაესხნენ საავადმყოფოს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ მართავდა.

პარალელურად თავდასხმა მოხდა ნანგაჰარის პროვინციაში, სადაც თვითმკვლელმა პოლიციის მეთაურის დაკრძალვის ცერემონიაზე აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა. შედეგად დაიღუპა 24 და დაშავდა 68 ადამიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ავღანეთის პრეზიდენტმა თავდასხმები დაგმო და უსაფრთხოების ძალებს ტერორისტების წინააღმდეგ გააქტიურებისკენ მოუწოდა.